მესამე წელია, რაც დედასთან ერთად ვაწარმოებ ხელნაკეთ საწვიმარ ლაბადებს. ჩემი პირველი ნამუშევარი წავიღე გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი ფართო წარმოებაზე, მაგრამ ქუჩაში გამვლელების ზღვა ემოციამ ძალიან იმოქმედა ჩემზე და მაშინ დავრწმუნდი, რომ აუცილებლად უნდა მეზრუნა ბრენდის შექმნაზე. ქართულ ბაზარზე ჩვენთვის საჭირო მასალების სიმწირის გამო ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ სასურველი შედეგი, რომელიც დროთა განმავლობაში დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ. ძირითადად ვიყენებთ 7 ფერს, თითოეული ლაბადა გაფორმებულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მხატვრების ნამუშევრებით, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს რომ საბოლოოდ მხოლოდ ქართველების ნახატები იყოს წარმოდგენილი ჩვენს ნამუშევრებზე და აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზეც. ლაბადის ჯიბეები ფორმდება ნახატების შესაბამის ფერებში . გვაქვს ქალის, მამაკაცის და საბავშვო ხაზი. საბედნიეროდ საზღვარგარეთ დაინტერესდა ბევრი კომპანია ,ისეთი ქვეყნებიდან როგორებიც არის დიდი ბრიტანეთი,გერმანია, ბელგია და ამერიკა, ამჟამად ვართ კონტრაქტების გაფორმების ეტაპზე და ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდ წარმოებაზე გადასვლას, ამ ყველაფერში გვეხმარება ძალიან მოწესრიგებული და შედეგზე ორიენტირებული სამკერვალო. ჩვენი მიზანია წვიმიან ამინდში შევუქმნათ დადებითი განწყობა რეინბოუს მომხმარებლებს, მსურს რომ თითოეულმა მათგანმა შეიგრძნოს ის, რაც მე განვიცადე ჩემი პირველი ნამუშევრით ჰამბურგის ქუჩებში სეირნობისას.