ჩემი კომპანია ეწევა სასმელი წყლის ფილტრების იმპორტს, საბითუმო და საცალო რეალიზაციასა და მონტაჟს. 2020 წელს არსებული გამოწვევბი, ისევე როგორც სხვა ბიზნესს, უარყოფითად შეეხო ჩემს ბიზნესსაც, იყო მომწოდებელთანაც პრობლემები, მაგრამ ამ წლის დასაწყისში დავისახე მიზნად, რომ უნდა გამეაქტიურებინა საცალო გაყიდვები. 3 წლის განმავლობაში რა ზრდაც მქონდა და რა ფინანსური რესურსის მოგროვებაც შევძელი, ეს სახსრები მივმართე მაღაზიის, ოფისისა და პატარა სახელოსნოს გასარემონტებლად. სახელოსნო იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან სპეციფიკურია წყლის ფილტრაციის სფერო და უმეტესწილად მომხმარებლებს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტებისგან უნდა ავუწყოთ; ამასთანვე მინდა, რომ ეს სფერო შევისწავლო სრულად რომ შემდეგში წარმოების მცირე ციკლი მაინც გავაკეთო ჩემს ქალაქში. ერთი თვე გავიდა, რაც მაღაზია გავხსენით, შევქმენით ჩვენი ლოგო, ასევე გვინდა შევცვალოთ ბრენდის სახელი ვცდილობთ, მარკეტინგული აქტივობები გავზარდოთ. 2020 წლის მთავარი მიღწევაა გაზრდილი საცალო გაყიდვები. პანდემიის პირობებში ხალხმა უფრო მეტად იფიქრა ყველა მხრივ ფილტრაციის საჭიროებაზე და წყლის ფილტრებიც უფრო მეტად ცნობადი გახდა.